logo
ENG



"უფალს ებარებოდეთ, ბიჭებო..." - რას წერს მოქალაქე, რომელსაც 2 ახლობელი კოვიდით გარდაეცვალა

13 აგვ 202118:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/13/kfaqgypz41x1xp2.jpg
ფოტო: მარი ჩიტაია

მოქალაქე მარი ჩიტაია, რომელსაც კორონავირუსით 2 ახლობელი გარდაეცვალა, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან. 

ჩიტაია წერს, რომ ორივე ინფიცირებული ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვას აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო. გარდაცვლილები ძმები არიან. ორივე კაცის დედა ასევე კოვიდინფიცირებულია. ის ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს და შვილების გარდაცვალების შესახებ არ იცის. 

"ეს ის მდგომარეობაა, როცა ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი: ღირს თუ არა გადარჩენა?! რამდენიმე დღის წინ, თბილისის კლინიკებში კოვიდის დიაგნოზით შეყვანილი ოჯახის სამივე წევრიდან - დედა და 2 შვილი, ვერც ერთს ვერ გაუმართლა: დათო და ზურა გამყრელიძეები ამ 21-ე საუკუნის ავადსახსენებელ სახადს შეეწირნენ. დედა ჯერჯერობით მხოლოდ ფიზიკურად გადარჩა... ასე ჩავთვლით, სანამ გონს მოვა, თვალებს გაახელს და შვილებს მოიკითხავს... მერე რა მოხდება, არ ვიცი, ამაზე ჯერ ვერავინ ვფიქრობთ!

ის, რა ცეცხლიც დღეს გამყრელიძეების ოჯახში ტრიალებს, ენით აუწერელია. ორივე ჯანმრთელი, ბრგე, ვაჟკაცი ბიჭი იყო, როგორ ქართველსაც ყველა ვისურვებდით, ქვეყანას ჰყავდეს!

არ გაუმართლათ! სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი, რომ დათო დაიღუპა და ზურა სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ მწარედ შევცდი! სინამდვილეში ზურამ არ იბრძოლა. ძმის არყოფნა უთქმელადაც იგრძნო და დანებდა! შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ველოდით - ზურაც წავიდა, დათოსთან.... წავიდა ისე, რომ მისი უკანასკნელი სიტყვა და ამოსუნთქვა ,,დათო" იყო!

ასე აღმოჩნდნენ ეს საოცრად კარგი ძმები გახმაურებელი სიკვდილის სტატისტიკის ნაწილი, რომელსაც ყოველი დილის 11 საათზე ჯანდაცვის სისტემა გვამცნობს!

ყველაზე გულდასაწყვეტია ის, რომ აცრას აპირებდნენ და ვერ მოასწრეს! ამ შემთხვევაში კოვიდი ვერაფერს უზამდათ. ასე ვარ დარწმუნებული, რადგან საამისოდ ძალიან ძლიერი, ჯანმრთელი და ახალგაზრდები იყვნენ...

ჩემი დიდი სამძიმარი სოსოს - ჩემი დის მეუღლეს, რომელიც ახლა ჯიუტად ელოდება დედას. ეს მისი ბოლო იმედია! სამწუხაროდ, დეიდა სუზის ამბავს თითქმის არავინ კითხულობს, ვერც მე შევძელი მეკითხა - ვერ ვამართლებ ბუნების ამ სასტიკ განაჩენს!

უფალს ებარებოდეთ, ბიჭებო... არ მეგონა, თქვენი სიკვდილი თუ იქნებოდა მაგალითი, რითაც მოვუწოდებდი საზოგადოებას აიცრან!.. სანამ ჯერ ისევ დროა და არსებობს გადარჩენის შანსი, აიცერით!", - წერს მარი ჩიტაია. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 359 შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. 13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  471 685-ს, ხოლო ჯამურად გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა 6321-ს. 

 
 
 

 


close დახურვა